არჩევნები 2020

კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია Deepfake-თ ამზადებს მასალებს, შეიძლება, არჩევნების დღეს გაავრცელონ

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, Deepfake". – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, "პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება, განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს". ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში "კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება".

"ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრეც გავხდით ჩვენ გუშინ ნაციონალური მოძრობის კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.

ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება". –განაცხადა კობახიძემ და მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების კოვიდ-უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

"31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე, მაგალითად, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს. ღრმად გვწამს, ქართული ოცნების გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა მიმართულებით.

ქართული ოცნების 73-ივე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება". – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები