ჩილე

ჩილეში პინოჩეტის მმართველობის დროინდელი კონსტიტუციის შეცვლაზე რეფერენდუმი იმართება

ჩილეში სამხედრო დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის დროს მიღებული კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება.

კონსტიტუციის შეცვლა გასულ წელს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას შეწყდა, თუმცა კარანტინის მოხსნის შემდეგ აქციები კვლავ განახლდა.

ქვეყნის მასშტაბით მოეწყო 2 715 უბანი, სადაც ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი. რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება 14.8 მილიონ მოქალაქეს შეუძლია.

პინოჩეტის კონსტიტუციის შენარჩუნების ან შეცვლის გარდა ჩილეს მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ იმასაც, თუ როგორ სურთ შეიქმნას ახალი კონსტიტუცია. ერთ-ერთი ვარიანტი არის კონსტიტუციის შექმნა სპეციალურად არჩეული მოალაქეებისგან შემდგარი ორგანოს მიერ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან დაკომპლექტდება. მეორე ვარიანტი კი გულისხმობს ახალი კოსნტიტუციის შექმნას კანონმდებლების და მოქალაქეებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის თითქმის 70% ახალი კონსტიტუციის შექმნას უჭერს მხარს.

ჩილეს ამჟამინდელი კონსტიტუცია 1980 წელს დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის მრჩეველმა, ხაიმე გუზმანმა შექმნა. მოგვიანებით მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა სამხედრო და აღმასრულებელი ძალაუფლების შესამცირებლად.

კომენტარები