ავღანეთი

ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილ თავდასხმას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა საგანმანათლებლო ცენტრთან ტერაქტი მოაწყო. შემთხვევას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თარიქ არიანის ინფორმაციით, ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც საგანმანათლებლო ცენტრის წინ, ქუჩაში თავი აიფეთქა.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მსხვერპლთა უმეტესობა 15-დან 26-წლამდე სტუდენტები იყვნენ. დაშავებულია 57 ადამიანი.

თალიბანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. განცხადება ტერორისტულმა ორგანიზაციამ Telegarm-არხის საშუალებით გაავრცელა, თუმცა თავდასხმაში ჩართულობის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

თავდასხმა დაგმო ნატო-მ და ავღანეთის ხელისუფლებამ. ტერაქტი ქაბულის დასავლეთ რაიონში მოხდა, რომელშიც მცხოვრებთა უმეტესობა შიიტი მუსლიმია. შიიტი მუსლიმები ავღანეთში უმცირესობას წარმოადგენენ და წარსულში ხშირად გამხდარან ე.წ ისლამური სახელმწიფოს სამიზნე.

ქალაქის იმავე რაიონში, ერთერთ საგანმანათლებლო ცენტრზე ტერაქტი 2018 წელსაც მოხდა. მსხვერპლის უმეტესობას 2018 წელსაც სტუდენტები წარმოადგენდნენ.

შემთხვევას Twitter-ზე გამოეხმაურა ავღანეთში ადამიანთა უფლებების დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელი, შაჰარზად აბკარი, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა.

კომენტარები