პოლონეთი

პოლონეთის პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტის სპიკერის თქმით, დუდა თავს კარგად გრძნობს. 

"პრეზიდენტი ახალგაზრდა კაცია, მე ვფიქრობ, ის უპრობლემოდ დაამარცხებს ინფექციას" - განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვალდემარ კრასკამ

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც გასულ დღეებში დუდასთან შეხება ჰქონდათ, კარანტინში გადავლენ.

პოლონეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები იმატებს. 23 ოქტომბერს ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 13 632 შემთხვევა დადასტურდა. მმართველ პარტიას აკრიტიკებს ოპოზიცია იმის გამო, რომ ქვეყანა არ არის სრულად მზად კორონავირუსის მეორე ტალღისთვის. უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მმართველი პარტიისა და დუდას მხარდაჭერა შემცირებულია.

24 ოქტომბერს ვირუსის შესაკავებლად ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა - 2 კვირით რესტორნები და ბარები დაიკეტა, 5 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. სკოლები ღიაა, თუმცა მოსწავლეები მხოლოდ სამი კლასის ჩათვლით შეძლებენ სკოლაში სიარულს, უფროსკლასელები კი დისტანციურად გააგრძელებენ სწავლას. შაბათს მთავრობამ მოსახლეობას გაუგზავნა შეტყობინება, სადაც მათ დაჟინებით მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარონ.

23 ოქტომბერს პოლონეთში ახალი კორონავირუსით 153 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 4 172. ქვეყანაში ინფიცირების სულ 228 318 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები