პოლონეთი

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის გამო აქციები გაიმართა

Wojtek Radwanski / AFP / Scanpix / LETA

პოლონეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად ასობით ადამიანი კონსტიტუციაში აბორტთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების გამო საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. პოლონეთის სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო.

მასობრივი აქცია გაიმართა ვარშავაში. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500-მა ადამიანმა. დემონსტრანტები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და იაროსლავ კაჩინსკის სახლისკენ დაიძრნენ. იაროსლავ კაჩინსკი ლიდერია პოლონეთის მმართველი პარტიისა კანონი და სამართლიანობა.

კაჩინსკის სახლთან დაიწყო დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციიის კორდონს შორის. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპატიმრებულია 15 ადამიანი.

დემონსტრანტების და პოლიციის დაპირისპირება კაჩინსკის სახლთან:

უფრო პატარა აქციები გაიმართა კრაკოვში, ლოძსა და შჩეცინში. 23 ოქტომბრის საღამოსთვის დაგეგმილია აქციების ახალი ტალღა. პროტესტის ორგანიზატორები დემონსტრანტებს მოუწოდებენ, გაიკეთონ ნიღბები და შეგროვდნენ 10-კაციან ჯგუფებად, რათა არ დაარღვიონ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, მსგავსი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები