სპეცოპერაცია ზუგდიდში

დეკანოიძე ზუგდიდზე: თუ პოლიციას ხელი ეშლებოდა, უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია მედიასთან

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მომხდარ ყაჩაღობას ეხმაურება და შსს-სა და მთავრობის წევრებს აკრიტიკებს. 

მისი თქმით, პოლიციას მთელი დღის განმავლობაში კომუნიკაცია არც მედიის წარმომადგენლებთან ჰქონიადა  არც საზოგადოებასთან. როგორც დეკანოიძე ამბობს, თუ პოლიციას მედიის მუშაობა ხელს უშლიდა, მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ. 

"მთელი დღის მანძილზე მედიას აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ყველა ქვეყანაში, როცა ასეთი რამ ხდება და ცხელი წერტილია, რა თქმა უნდა, მედიის პირველი მოვალეობაა, ჩართული იყოს ამ პროცესებში და გააშუქოს. 

თუ ხელი ეშლებოდა პოლიციას, უნდა ყოფილიყო როგორც კერძო, ასევე საჯარო კომუნიკაცია მედიასთან და უნდა ეთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამას, ამას და ამას და გვიშლით ხელს. არა, პირიქით გამოვიდნენ  ბიძინა ივანიშვილის მსახურები და ამბობდნენ, მედია გვიშლის ხელს სპეცოპერაციის დაგეგმვაშიო". - ამბობს დეკანოიძე. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები