არჩევნები 2020

დეგნანი: მნიშვნელოვანია, საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მოხსენებისას ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ". – თქვა დეგნანმა. 

კელი დეგნანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჟურნალისტების საქმე კიდევ უფრო გართულებულია კორონავირუსის გამო.

"გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად ვიღებდით ინფორმაციას ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ". –თქვა ელჩმა.

საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ლეგიტიმური და სანდო საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას. მათივე ცნობით, დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები