კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში COVID-19-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოში "საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში" კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია. 

"ჩვენ სრული გახსნის პირობებში, ეკონომიკის სრული გახსნის პირობებში, საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში, COVID-19-ის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. 

რომ შეადაროთ სხვა ქვეყნების მეორე ტალღას ის ვითარება, რაც არის საქართველოში, რომ აიღოთ სტატისტიკა, როგორც გავრცელების, ასევე სიკვდილიანობის, ეს სტატისტიკა მეტყველებს, რომ მართვა არის კვლავაც ეფექტიანი. როგორც იყო პირველი ტალღის პირობებში, ასევეა მეორე ტალღის პირობებში." - ამბობს კობახიძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

საქართველოში რეგულარული ფრენები ამჯერად 1-ელ ნოემბრამდეა გადავადებული, გამონაკლისი მხოლოდ მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებებია. გერმანიამ 7 ოქტომბრიდან საქართველო რისკზონად გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუშვებს. ლატვიამ და ლიტვამ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება დაუწესეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მას საზღვრები გახსნილი აქვს, თუმცა, პარიზსა და რვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს.

საქართველოს მთავრობა ნოემბრიდან რეგულარული ფრენების მიმართულებების და სიხშირის დამატებას აანონსებს და ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით მიიღეს.

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მაშინ, როცა მთავრობა "მწვანე" ქვეყნებს საზღვარს არ უხსნიდა და მხოლოდ სამი ქვეყნის მიმართულებით ჰქონდა რეგულარული ფრენები დანიშნული, საქართველოში დღიურად რამდენიმე ერთეული შემთხვევა ვლინდებოდა. მაშინ ეპიდემიოლოგები საზღვრების გახსნას და საქართველოს მოქალაქეების კარანტინისგან გათავისუფლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები