არჩევნები 2020

კორძაია: მოწერელია რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს, ეკლესიების მშენებლობა დაიწყეს

facebook.com/tamuna.kordzaia

ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას ცნობით, ქართული ოცნების აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ საკუთარ ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვა დაიწყო. კორძაიას თქმით, მოწერელია მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს და წინასაარჩევნოდ სამივე სოფელში ეკლესიების მშენებლობას დაჰპირდა, სამშენებლო მასალები მიიტანა და მშენებლობა დაიწყეს.

"ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია თავის სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებს, კერძოდ, ის მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს და წინასაარჩევნოდ სამივე სოფელში ეკლესიების მშენებლობას დაჰპირდა, სამშენებლო მასალები მიიტანა და მშენებლობა დაიწყეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაული და დასჯადი ქმედებაა. გვაქვს ვიდეომასალა, რომელსაც მედია საშუალებებს მოგაწვდით.

ასევე, საგამოძიებო ორგანოებს ვურჩევ, ეს მასალები დეტალურად შეისწავლონ და გამოძიება დაიწყონ ალექსანდრე მოწერელიას მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებთ". – თქვა თამარ კორძაიამ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები