არჩევნები 2020

დეკანოიძე უგულავას ვიდეოზე: ასეთი სტრატეგია მათი პარტიისთვის ცუდად აისახება ამომრჩეველზე

ხატია დეკანოიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ევროპული საქართველოსთვის ამომრჩეველზე ცუდად აისახება:

"რთულია, რომ რეალურად, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური პარტია მთავარ საფრთხეს ხედავს არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის და კეკლუცობის გარეშე გეუბნებით, რასაც ამომრჩეველს ვუყურებ, ასეთი მათი სტრატეგია, როდესაც ისინი პირდაპირ თავს ესხმიან მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, ძალიან ცუდად აისახება ამომრჩეველზე, მათი პარტიისთვის ცუდად და არა ჩვენი პარტიისთვის [...]

რა საჭირო იყო დღეს ეს [გიგი უგულავას] გავრცელებული ვიდეო. სრულიად გულწრფელად, ადამიანებთან საუბრის შემდეგ გეუბნებით, რომ ეს სტრატეგია, ურტყა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილს სააკაშვილს, არ არის ის სტრატეგია, რომელიც გაამართლებს საარჩევნო ველზე". – თქვა მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

დღეს, 12 ოქტომბერს გიგი უგულავამ Facebook-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც შემდეგ განცხადებას აკეთებს:

"ღიად და ცხადად ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც შემოქმედია, ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა [...] ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან მიიღებენ პასუხს. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები, მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან".

მოგვიანებით, ვაკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ არ იზიარებს პარტიის იმ წინასაარჩევნო ხაზს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურადაა წარმოჩენილი, რაშიც მათ შორის, მოიაზრებს საარჩევნო რგოლებს.

ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა უგულავა და აღნიშნა, რომ პარტია თავისუფალი ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ და ეს აზრი არ იმალება, ითქმება საჯაროდ და ის ამას მიესალმება. ამასთანავე უგულავამ ხოშტარიას უკანასკნელი მოჰიკანი უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, განსაკუთრებული პოზიციონირება აქვს.

ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთსაა შედარებული და ნეგატიურად არიან წარმოდგენილები. პარალელურად, პარტიამ ხელი მოაწერა ვალდებულებას ამომრჩეველთან, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველო, არც ქართულ ოცნებას შეუკრავს კოალიციას და არც მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე.

კომენტარები