არჩევნები 2020

ლელო: "ოცნების" წარმომადგენლებმა ქობულეთში ლელოს წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს

პარტია ლელოს ცნობით, ქართული ოცნების წევრებმა ქობულეთში ლელოს მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს. დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, ლელოს აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დასარიგებლად არ უშვებს.

ბათუმში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, რაც მათი მხრიდან ლელოს წევრებზე თავდასხმაში გამოიხატა. 

"ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს ლელოს აქტივისტებზე და არ მისცეს მათ უფლება საზოგადოებრივ სივრცეში - ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზარში ბუკლეტების დარიგების. ერთსაათიანი ხმაურიანი დაპირისპირების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არც კი გამოჩენილა. ივანიშვილი ცდილობს, დაიმონოს ყველა ინსტიტუტი და სრულიად კერძო სექტორი, რომელსაც ართმევს განვითარების და თავისუფალი არსებობის საშუალებას.

საქართველო იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ განვითარებას, რის პოლიტიკურ მუხრუჭადაც ბიძინა ივანიშვილი იქცა. ლელო დაასრულებს ივანიშვილის ძალადობრივ პოლიტიკას 31 ოქტომბერს". – ამბობს კუპრაძე.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები