არჩევნები 2020

ენმ-ის აქტივისტი: "ხუთნომრიანი" მაისურის გამო თავს 2 პირი დამესხა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ლევან ქართველიშვილის თქმით, პარტიის მხარდამჭერი მაისურის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თავს 2 პირი დაესხა და ისინი მალევე მიიმალნენ.

"მოვდიოდი, მეცვა ხუთნომრიანი მაისური, ორი პიროვნება თავს დამესხა – ბიჭო, მაგათ გვერდში როგორ უდგახართო. ერთმა ხელი მომარტყა, მეორემ ხელი მკრა. წავიქეცი, სახე დავარტყი და სანამ ავდექი, გაიქცნენ". – თქვა ქართველიშვილმა ტაბულასთან საუბარში.

ქართველიშვილი ფაქტს საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, "აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს".

ფაქტს გამოეხმაურა ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამგორის ოლქში, ლევან ხაბეიშვილიც. ის მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ხელისუფლება ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით არის დაკავებული.

"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თავდასხმა მოხდა ჩემი საარჩევნო შტაბის აქტივისტზე და "ანას ბაღის" მცველზე, ლევან ქართველიშვილზე, რომელიც არის 6 შვილის მამა, სოციალურად დაუცველი და უკიდურეს სიღარიბეში მყოფი საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს მის მოქალაქეებზე, დაკავებულია ამ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით". – წერს ხაბეიშვილი Facebook გვერდზე.

 

კომენტარები