არჩევნები 2020

ყურუა: ფოთში კანდიდატურის დაყენების გამო მერიამ მამაჩემს კონტრაქტი გაუწყვიტა

ბორის ყურუა
Facebook/ Girchi

ფოთში, ხობსა და სენაკში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბორის ყურუა წერს, რომ მის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გამო ფოთის მერია მამამისს კონტრაქტის გაწყვეტით ჯერ ემუქრებოდა, რამდენიმე დღის წინ კი მუქარა სისრულეში მოიყვანა. 

როგორც ყურუა Facebook-ზე წერს, 6 ოქტომბერს ფოთის მერიამ მამამისს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ მათი მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, სამუშაოების დროულად შესრულება ვერ მოხერხდა და ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ფოთის მერიის მხრიდან. 

"დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავთ. ანუ დამატებითი ვადა ის ჰგონიათ, წინასწარ რომ დაემუქრნენ, შეგიწყვეტთო და მერე ცოტა აცადეს. შეწყვეტას რაც შეეხება, წერილობით არ ხდება, საჭიროა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ფოთის მერიამ, ისევ და ისევ, დაიკიდა". – წერს ბორის ყურუა. 

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, ხელშეკრულება შპს ტოპგრუპსა (რომლის დირექტორის პოსტსაც იკავებს ბორის ყურუას მამა) და ფოთის მერიას შორის 15 ივლისს ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე გაფორმდა. 

"შპს ტოპგრუპი მუდმივად აცნობებდა მერიას პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ. კერძოდ: 

ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მანქანა-მექანიზმები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ობიექტზე გადაადგილებას, შესაბამისად, კომპანიამ უფრო მცირე გაბარიტების მანქანებით განახორციელა სამუშაოების ნაწილი. ამას სჭირდებოდა პროექტში ცვლილების შეტანა, რაზეც მიმართა ფოთის მერიას, თუმცა დაიკიდეს;

ამავე ქუჩებზე მუშაობდა შპს ტაჰალი რომელიც ახორციელებდა საკანალიზაციო ჭების მოწყობას. მათი მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა მამაჩემის მუშაობას, რადგან უმეტესად გზას კეტავდნენ. ამის თაობაზეც მიმართა მერიას, რომ ვადა გაეგრძელებინათ, თუმცა, ეს მოთხოვნაც დაიკიდა მერიამ;

სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ გათხრისას გროვდებოდა გრუნტის წყლები, დაერთო ამ ყველაფერს წვიმიანი ამინდი. ისევ მისწერა მამაჩემმა მერიას, რომ პროექტში წყალამოღვრა არ იყო გათვალისწინებული და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მერიამ არ დაიკიდა და უპასუხეს, შენ უნდა გცოდნოდა კლიმატური პირობები და ის, რომ ფოთში რომ გათხრი, ქვემოთ წყალიაო (როცა პროექტი მათი შედგენილია);

მამაჩემმა შესთავაზა შემდეგ გამოსწორების გზა, კერძოდ, ანაკრების გაკეთება (რა არის, მეც არ ვიცი კარგად), სიტყვიერად დაეთანხმნენ და პროექტში არ ასახეს, ალბათ ისევ დაიკიდეს". – წერს ყურუა. 

გირჩის წარმომადგენლის პოსტით, ჩამოთვლილის გარდა, უამრავი ხარვეზი იყო თავად ფოთის მერიის მხრიდან, რასაც უგულებელყოფნდენ, რადგან, ყურუას მოსაზრებით, პროექტის სხვისთვის გადაცემა უნდათ. ბორის ყურუა ფიქრობს, რომ შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, მამამისის დაჭერა იყოს. 

"ისედაც აქვს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები სასამართლოში და ასეც მოიქცევიან წესით. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ქუჩა ბევრად დიდხანს იქნება გადათხრილი, თავიანთ ახლობელს მისცემენ პროექტს, ის იდიოტურად გააკეთებს, ხარჯები გაიზრდება და ასე შემდეგ.

ასე ექცევიან ეს ადამიანები ჩვენს ფულს, იმიტომ, რომ უბრალოდ კიდიათ". – დაწერა ბორის ყურუამ. 

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას ფოთის მერიაში შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები