დავითგარეჯის საქმე

მოსაყდრე შიო დავითგარეჯზე: სასიხარულოა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე

იმედი

პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის სასიხარულოა ამ საქმის ახალ ეტაპზე გადასვლა.

"მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავითგარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად". – ამბობს მიტროპოლიტი შიო.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები