არჩევნები 2020

წერეთელი ODIHR-ის მისიის შემცირებაზე: მონიტორინგის ფუნქცია არ შესუსტდება, პირიქით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგი წერეთელი ეხმაურება ODIHR-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირვებლო მისიების რაოდენობა მცირდება. 

როგორც გიგი წერეთელი ამბობს, გართულებული ეპიდემიური სიტუაციის გამო, ქვეყნებმა, რომლებიც ეუთო-ს ეგიდით სადამკვირვებლო მისიებს აგზავნიან, გადაწყვიტეს, რომ ისინი ლიმიტირებული იყოს. დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ შეამცირებს მონიტორინგის ფუნქციას და პირიქით, გაიზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების როლი. 

"ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მონიტორინგის ფუნქცია შესუსტდება, პირიქით. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიური იქნება მოქმედება და კოორდინაცია სხვა სადამკვირვებლო მისიებთან, ძალიან გაიზრდება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში". – თქვა გიგი წერეთელმა. 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირველო მისიებს ამცირებს. მიზეზად ეუთო წევრი ქვეყნის მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის სიმცირეს ასახელებს, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვითაა გამოწვეული. 

კომენტარები