ახალი კორონავირუსი საქართველოში

შსს-ს თანამშრომელს გორში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები წყაროს იდენტიფიცირებას ცდილობენ და კონტაქტებს იკვლევენ.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები