არჩევნები 2020

გვარამია: თუ GNCC 10 ოქტომბრამდე არ გვიპასუხებს, სააკაშვილის მონაწილეობით კლიპებს გავუშვებთ

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ ტელეკომპანიამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების კომისიას, რომ დართონ ნება ბადეში ჩასვან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს საარჩევნო კლიპები, რომელშიც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. 

ენმ-ს რეკლამა ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაციაა, ხოლო ევროპული საქართველოსა კი ხელშემშლელი, იგივე ანტირეკლამა. 

"კანონით საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს". – წერს ნიკა გვარამია. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა არც ერთი და არც მეორე საარჩევნო კლიპი, რითიც, მისივე განმარტებით, თავი დაიზღვია იმისგან, რომ მათ წინააღმდეგ "ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის" მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცათ. 

"ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიასა და ცესკოს და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება. გვიპასუხა ცესკომ და მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან, გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც". – წერს ნიკა გვარამია. 

საპასუხო წერილებში, რომელსაც არხის გენერალური დირექტორი ასაჯაროვებს, ცესკო მიუთითებს კანონის იმ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო რეკლამაში აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა. იმავე წერილში ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, "წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ". 

ხოლო, რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის პასუხს, ორგანო პრაქტიკულად არ სცემს პასუხს დასმულ შეკითხვას და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამას კომისიის მხრიდან შეფასება და მსჯელობა სჭირდება. 



ნიკა გვარამიას განმარტებით, ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მიიღეს კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, მთავარი არხი კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, სათანადოდ ირეაგიროს და აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება. 

ხოლო, თუკი 10 ოქტომბრამდე კომისია "კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს" არ გასცემს არხს, ტელეკომპანია ორივე კლიპს ეთერში განათავსებს. 

"მთავარი არხი იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭიდროვებულ ვადებში), სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს". – დაწერა ნიკა გვარამიამ. 

კომუნიკაციების კომისიას მოთხოვნით 5 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომაც მიმართა. საარჩევნო კლიპი, რომელიც ტელეკომპანია მთავარმა დაახარვეზა და ეთერში არ გაუშვა, უკვე გადის რუსთავი 2-ისა და ტვ პირველის ეთერებში. მთავარი არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის არგუმენტაცია წაიკითხეთ აქ

ევროპული საქართველოს კლიპი: 

თავისუფლების ინსტიტუტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროექტის ხელმძღვანელი, გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი არხის მიერ მოყვანილი ნორმა ევროპულ საქართველოს არ ეხება და ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ არ ჩაერთოს აგიტაციაში და არ მოუწოდოს ამომრჩეველს ვინმეს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მისცენ ხმა. იურისტი ამბობს იმასაც, რომ რეკლამა, რომლის გაშვებაც პარტიას სურდა, პოლიტიკური შინაარსის პროდუქტია და ის მოიცავს პოზიციებს მიმდინარე დღის წესრიგის შესახებ. 

"არაკონსტიტუციურია, პოლიტიკურ პარტიას შევუზღუდოთ პოლიტიკური კონტენტის შექმნა. გამოხატვის თავისუფლების ნაწილია ის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ჰქონდეთ მოსაზრება კამპანიაში, თუ კამპანიის გარეთ მოქმედი სუბიექტების შესახებ, რათა მოახდინონ ამომრჩევლის ინფორმირება.

მაგალითად, რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა თავისი რეკლამა რომ მიუძღვნას საგარეო კურსს და ისაუბროს პუტინზე, ხოლო რეკლამა ავკრძალოთ, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ ისეთ პირზე გამოხატა პოზიცია ამომრჩეველთან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და ამომრჩევლის ინფორმირებულობის წინააღმდეგ მიღებული ცენზურა იქნება. 

პოლიტიკური პარტიის რეკლამის შინაარსის კონტროლი დემოკრატიულ პროცესს აზიანებს, რადგან ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიას შორის კომუნიკაციაზე ფილტრს აყენებს. არავინ არ წყვეტს, გარდა თავად პოლიტიკური პარტიისა, რა თემაზე ან ვისზე დაელაპარაკება საარჩევნო სუბიექტი ხალხს, რადგან სწორედ მისი პოზიციიდან გამომდინარე დებს ხალხთან შეთანხმებას. ხელისუფლების წყარო არის ხალხი - მან უნდა იცოდეს, სანამ აირჩევს ხელისუფლებას, რა პირობებს იღებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისგან". – განმარტავს გვანცა კვარაცხელია. 

კომენტარები