ნობელის პრემია 2020

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში შავ ხვრელებზე ნაშრომებში 3 მეცნიერს გადაეცა

როჯერ პენროუზს, რეინარდ გენზელს და ანდრეა გეზს ფიზიკის ნობელის პრემია შავი ხვრელების შესახებ გაკეთებულ აღმოჩენებში გადაეცათ. "ჯილდოს მიმღებებმა ნათელი მოჰფინეს ჩვენი სამყაროს ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს". – განაცხადა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურა მდივანმა, გორან ჰანსონმა. 

პენროუზს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფიზიკოსს, ჯილდო გადაეცა იმის დამტკიცებაში, რომ შავი ხვრელების ფორმირება ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია. თავად აინშტაინს არ სჯეროდა შავი ხვრელების არსებობის, სუპერ-მძიმეწონიანი ურჩხულების, რომლებიც ყველაფერს შთანთქავენ და საიდანაც არაფერს შეუძლია დააღწიოს თავი, სინათლესაც კი.

1965 წლის იანვარში, აინშტაინის სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ, პენროუზმა დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები მართლაც შეიძლება, ჩამოყალიბდეს და დეტალურად აღწერა ისინი; დღემდე მიიჩნევა, რომ მისმა ინოვაციურმა სტატიამ, აინშტაინის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფარდობითობის ზოგად თეორიაში. 

რეინარდ გენზელი და ანდრეა გეზი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობენ ასტრონომთა ჯგუფებს. 1990-იანი წლებიდან ისინი ფოკუსირდებოდნენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე რეგიონზე სახელად, საგიტარიუს A და მზარდი სიზუსტით აღწერდნენ მასში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ორბიტებს. მათი გაზომვების შედეგები ეთანხმება ერთმანეთს, ორივე მათგანმა აღმოაჩინა უკიდურესად მძიმე, უხილავი ობიექტი, რომელიც ვარსკვლავთა გროვას მიიზიდავს და მათ სწრაფ გადაადგილებას იწვევს. ამ რეგიონში, რომელიც მზის სისტემაზე დიდი არაა, დახლოებით ოთხი მილიონი მზე არის თავმოყრილი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ტელესკოპების გამოყენებით, გენზელმა და გეზმა შეიმუშავეს მეთოდები, რათა დაენახათ ვარსკვლავთშორისი აირის და მტვერის ღრუბლების მიღმა ირმის ნახტომის ცენტრში. მათ შექმნეს ახალი ინსტრუმენტები, რომ გადაელახათ დედამიწის ატმოსფეროს მიერ გამოსახულების გამრუდება და სხვა დაბრკოლებები. მათმა ნაშრომებმა მოგვცა იმის ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება, რომ ირმის ნახტომის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. 

"ამ წლის ლაურეატების აღმოჩენებმა ნიადაგი მოუმზადა მჭიდრო ზემასიური ობიექტების შესწავლას. მაგრამ ეს ეგზოტიკური ობიექტები კვლავ ბევრ კითხვას გვიჩენენ და მომავალი კვლევის მოტივაციას გვაძლევენ. კითხვებს არა მხოლოდ მათ შიდა სტრუქტურაზე, არამედ ასევე იმაზე, თუ როგორ შევამოწმოთ ჩვენი გრავიტაციის თეორია ექსტრემალურ პირობებში შავი ხვრელის სიახლოვეზე". –ამბობს დევი ჰავილანდი, ნობელის ფიზიკის კომიტეტის თავჯდომარე. 

კომენტარები