არჩევნები 2020

თალაკვაძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიაზე: ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი

ტაბულა

"ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი." - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიას. 

"მე ვერ გეტყვით, საერთო ჯამში, ვინ რა ადგილას არის და რა ნიშნით იყო ეს სია ფორმირებული, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია თავის მოქალაქეებს და სამშობლოს. მათ ძალიან მძიმე ბიოგრაფიები მოჰყვებათ უკან. 

ასევე გაუგებარია, ძირითად ნაწილში, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია, ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი რა ნიშნით დადგა დამნაშავე პოლიტიკური პარტიისა და ძველი კრიმინალური ოპოზიის გვერდით, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა." - ამბობს არჩილ თალაკვაძე.  

ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ სრული საარჩევნო სია დღეს წარადგინა.  

სიის პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა. 

ასევე, სიის ოცდაათეულში არიან ნიკოლოზ მაჭუტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე და გუბაზ სანიკიძე. საარჩევნო სიაში კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ოცეულში არიან, დილარ ხაბულიანი კი 23-ე ნომრად. სიის ოცეულში მოხვდნენ თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძეც. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე ენმ-ის სიაში 41-ე ნომერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას სრული საარჩევნო სია - ნახეთ აქ.

კომენტარები