11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმე

11 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე - ბავშვის მამას ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ფრიდონ აბჟანდაძეს ბრალდება დაუმძიმა. დაკავებულს გამოძიება არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, მის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ცოლის სისტემატურ შეურაცხყოფა-დამცირებასაც ედავება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა" - აცხადებს პროკურატურა.

ფრიდონ აბჟანდაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

11 წლის ბიჭი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ძალადობა გახდა. სამართალდამცველებმა ბავშვის მამა იმავე დღეს დააკავეს და მას პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები