11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმე

ომბუდსმენი ბავშვის თვითმკვლელობაზე: უნდა დადგინდეს, რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო. ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა დადგინდეს, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული გამოძიება, თუკი პოლიციაში ძალადობის თაობაზე შეტყობინებები შევიდა.

"რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია. მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში იყო სისტემატური ძალადობა. ასევე, რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი. ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში". – თქვა სახალხო დამცველმა.

11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 აგვისტოს დაასრულა - ის თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიზეზი მამის მხრიდან მასზე სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა.

ბავშვის დედა საზღვარგარეთ მუშაობდა.

ასევე, ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

კომენტარები