არჩევნები 2020

ტომას ჰენდრიკ ილვესი: საქართველო რუსეთისთვის მთავარი სამიზნეა

როდესაც საუბარი დეზინფორმაციაზე იწყება, არ არის საჭირო, ქართველებისთვის იმის ახსნა, რა არის ეს. 2008 წელს რუსეთმა სერიოზული ძალისხმევა გაიღო, რათა შეექმნა ყალბი სურათი იმის შესახებ, რა ხდებოდა საქართველოში. მაშინ ესტონეთიდან გუნდი გავგზავნეთ საქართველოში, რათა დავხმარებოდით ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ მაშინ რუსეთის ეს მცდელობები დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო მიმართული და არა უშუალოდ საქართველოსთვის. რასაც დღეს ვუყურებთ, უკვე დაახლოებით 5 წელია, მოყოლებული 2015 წელს ნიდერლანდებში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, ისაა, რომ რუსეთი ცდილობს საარჩევნო გარემოს არევას.

აღმოვაჩინეთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გვყავდეს ერთი ელექტორატი, არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საუკეთესო ინტერესები ჩემი თუ თქვენი ქვეყნის მისამართით. ჩვენ გვინახავს ეს, რაც ახლა საქართველოში ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ყველა არჩევნებზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ სივრცეში ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარდა. მიზანი ქაოსის შექმნაა და, შესაძლოა, რომელიმე პარტიის მხარდაჭერაც. 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთი კონკრეტულ კანდიდატს უჭერდა მხარს, მაგრამ არ არის საჭირო რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, რადგან რეალური მიზანი ქაოსის, არასტაბილურობის შექმნაა. 

საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა არაფერი ვიცოდით დეზინფორმაციაზე, უფრო ყურადღებით ვართ. ასეთი ჩინური ანდაზა არსებობს, "მომატყუებ ერთხელ, შენი სირცხვილია, მომატყუებ ორჯერ - ჩემი". ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დავიცვათ ჩვენი საარჩევნო გარემო საგარეო ჩარევებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც კი ამ ეტაპზე უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა. Facebook-მა და Twitter-მა წაშალა ანგარიშები კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ტროლების ფაბრიკა და სხვა სახის დეზინფორმაციული წყაროები, რომლებიც თქვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური გარემოს არევას ცდილობენ. ცხადია, თქვენ ხართ რუსული ჩარევისა და გავლენის მოხდენის მთავარი სამიზნე.

თქვა არჩევნებში კეთილსინდისერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის წევრმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა. ჰენდრიკ ილვესი 2006-2016 წლებში ესტონეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

კომენტარები