ლიბანი

ლიბანში ახალ მთავრობას მუსტაფა ადიბი აღარ ჩამოაყალიბებს

დაახლოებით ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, ლიბანში ჩამოეყალიბებინათ მიუკერძოებელი მთავრობა, ლიბანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშნულმა მუსტაფა ადიბმა განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირების დავალებას აღარ შეასრულებს. 

საფრანგეთი მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისიდან ერთად ამოეყვანათ.

ადიბმა აღნიშნა, რომ კომპეტენტური მთავრობის ფორმირება მაკრონს საშუალებას მისცემდა, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოეხდინა და მათ ლიბანისთვის დახმარება გაეწიათ.

ადიბი იმედოვნებდა, რომ აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები მას ამ მისიას გაუადვილებდნენ.

ქვეყნის მთავარ შიიტურ ჯგუფებთან, ჰეზბოლასთან არსებობდა უთანხმოება იმის გამო, თუ ვის უნდა ემართა ფინანსთა სამინისტრო. 

10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰასაბ დიაბის თქმით, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საყოველთაო კორუფციის შედეგი იყო.

განცხადება მთავრობის გადადგომის შესახებ ჰასან დიაბმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მინისტრთა უმეტესობას გადადგომა სურდა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა თქვა, რომ მისი გადადგომა შეუძლებელია.

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება ბევრი ლიბანელისთვის ბოლო წვეთი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ქვეყანა უკვე თვეებია კრიზისში, ეკონომიკური კოლაფსის პირას იმყოფება. კორუფცია და არაეფექტიანი მთავრობა ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს.

აფეთქების შემდეგ ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. მოსახლეობა მთავრობას დაუდევრობასა და არაეფექტიან მმართველობაში ადანაშაულებდა.

ბეირუთის პორტის საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ამონიუმის ნიტრატი ადვილად აალებადი, ფეთქებადი ნივთიერებაა. პორტის საწყობში ის უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე 2013 წლიდან ინახებოდა.

მძლავრ აფეთქებას შეეწირა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი. 300 000 ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა. აფეთქებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აფეთქების გამოძიება დაწყებულია. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დაიფიცა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა.

კომენტარები