ლიბანი

ინტერპოლმა ბეირუთის პორტის აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

AP

ინტერპოლმა ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. 2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტის ერთ-ერთ საწყობში ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

ძებნა გამოცხადდა ბორის პროკოშევზე, იმ გემის კაპიტანზე, რომლითაც ამონიუმის ნიტრატი ბეირუთში ჩაიტანეს და ამ გემის მფლობელზე, იგორ გრეჩუშკინზე. ძებნა ასევე გამოაცხადეს პორტუგალიის მოქალაქე ჟორჟ მორეირაზე, რომელმაც ამონიუმის ნიტრატი, სავარაუდოდ, საქართველოს ქარხანაში შეიძინა. გემი, რომელმაც ამონიუმის ნიტრატი ბეირუთში ჩაიტანა, 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკის მიმართულებით გავიდა

პროკოშევზე, გრეჩუკინსა და მორეირაზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინტერპოლმა ე.წ "წითელი ცნობა" გასცა, რაც დაპატიმრების საერთაშორისო ორდერზე ნაკლებ პრიორიტეტს ატარებს. ინტერპოლის წევრი ქვეყნები არ არიან ვალდებულები, დაიწყონ ამ ადამიანების ძებნა, თუმცა, თუ მათ ადგილმდებარეობას შეიტყობენ, ისინი უნდა დააპატიმრონ.

რუსულ მედიასთან პროკოშევმა თქვა, რომ "შოკირებული იყო" მასზე ძებნის გამოცხადებით.

"ბოლოს და ბოლოს თუ აქამდე მივიდა საქმე, ტვირთი ჩვენ მოზამბიკში მოგვქონდა და არა ლიბანში და ჩემი ბრალი არ არის, თავად დააკავეს გემი ბეირუთში, არ გაუშვეს პორტიდან." – თქვა გემის კაპიტანმა.

ბეირუთის პორტის საწყობში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაიღუპა - 200-ზე მეტი და დაშავდა 6500-ზე მეტი ადამიანი. 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. ამონიუმის ნიტრატი სასუქის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაცაა. არსებული ვერსიით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

კომენტარები