ორ წლიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ლიბანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად არმიის მთავარსარდალი, გენერალი ჯოზეფ აუნი აირჩია.
არჩევნების პირველ ტურში ჯოზეფ აუნს მხოლოდ 71-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე ტურის კენჭისყრაში კი გენერალმა128 შესაძლო ხმიდან 99 ხმა მიიღო, რაც აუცილებელი უმრავლესობის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.
წინა პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა, პოსტი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა. მას შემდეგ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყოლია, ხოლო მის მოვალეობებს პრემიერმინისტრი ნაჯიბ მიქატი ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ აუნს ლიბანის ყოფილ პრეზიდენტთან, მიშელ აუნთან ნათესაობრივი კავშირი არ აქვს.
სიტყვით გამოსვლისას ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიბანში "ახალი ეტაპი" დაიწყება. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის საზღვრების დასაცავად, ტერორიზმთან საბრძოლველად, საერთაშორისო რეზოლუციების შესრულებლად და ისრაელის თავდასხმების პრევენციის მიზნით არმიაში ინვესტიციებს ჩადებს. ასევე, აუნმა კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზი გაუზვა და აღნიშნა, რომ დამნაშავეებს ვერანაირი იმუტიტეტი ვერ დაიცავს.
აუნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერაში, რომელიც ვაშინგტონისა და პარიზის შუამავლობით ნოემბერში შედგა. შეთანხმების პირობების მიხედვით, ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უნდა განლაგდეს, ხოლო ისრაელის ჯარებმა და ჰეზბოლამ ამ ტერიტორიიდან თავიანთი ძალები უნდა გაიყვანონ.
როგორც წერს Reuters აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ახლადარჩეულ პრეზიდენტს ნდობა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერასა და ქვეყნის აღდგენაში. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, აღნიშნა, რომ აუნის არჩევა ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.





