არჩევნები 2020

სამადაშვილი ჯაფარიძეზე: უპრიანი იქნება ბოდიში მოიხადოს

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი გირჩის ლიდერსა და დიდუბე-ჩუღურეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ უპრიანი იქნება, თუ ის ბოდიშს მოიხდის თავის განცხადებაზე:  "ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები", .

"გვინდა, მივმართოთ გირჩის ლიდერს, ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც არის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის  დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა რამდენიმე დღის წინ, როდესაც განაცხადა, რომ მისთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ჩვენი ამომრჩევლები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ამ ხალხის აზრი და მათი ხმა. 

უპრიანი იქნება და მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავად მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს. მიმართოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და, შესაბამისად, განმარტოს თავისი პოზიცია, თუ გნებავთ, ბოდიში მოიხადოს". – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები და თუ რამე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს, ეს იყო სააკაშვილის მიმართვა, სადაც პარტიებს მოიხსენიებდა როგორც "პარტიუკებს" და "პოლიტიკანებს".

"სალომე სამადაშვილმა საკითხი დააყენა ასე, რომ მე თავი უნდა დავანებო სიმართლის საუბარს, თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხმების მიღება მინდა. რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. ამ პოზიციაზე ვარ დღესაც, არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი და არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, როგორც იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა, როგორც "პარტიუკებს" და "პოლიტიკანებს". შეურაცხმყოფელი ეს იყო, მე მსგავსი შეურაცხმყოფელი​ არაფერი არ მიხმარია". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები