არჩევნები 2020

მიტროპოლიტი სერაფიმე ჟურნალისტებს: მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს, ძალიან აღგზნებულები ხართ

"მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს, ძალიან აღგზნებულები ხართ". – ასე მიმართა მიტროპოლიტმა სერაფიმემ ჟურნალისტებს.

მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, 2017 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან წასვლა არასრულწლოვანის ოჯახის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო მოუხდა. ოჯახი მას გოგოზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა. გამოძიება არ დაწყებულა. საკითხი არ განუხილავს არც სინოდს. უეპარქიოდ დარჩენილ მიტროპოლიტს, ეკლესია ყოველგვარი დამატებითი მოკვლევის გარეშე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში უპირებდა დადგინებას, თუმცა ადგილობრივი მღვდლების საჯარო პროტესტის გამო ეს ვერ მოხერხდა. წერილს ხელს სამი მღვდელმსახური აწერდა.

"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

დეკანოზი თამაზ ლომიძე - ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი

არქიმანდრიტი ისე გელაშვილი - ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი

არქიმანდრიტი იოანე სილაგაძე - ქ. ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი.

---


კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე სასულიერო პირების დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს.

გუშინ მმართველი გუნდის პარტიულ შეკრებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრნენ. მეუფე ანტონი ამბობს, რომ "არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ."

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. მათგან ერთერთი ბოლო ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაციის მქონე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, რომელიც ბაგრატის ეზოში კუბიკზე იჯდა და ზაზა ლომინაძის წარდგენას ადევნებდა თვალს. თავად თქვა, რომ "ოცნების" ღონისძებაზე დასწრება მისი "მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას."

ISFED აცხადებს რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები