არჩევნები 2020

მეუფე ანტონი: როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან

Primetime

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ქართული ოცნების პარტიულ, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ეკლესია იქნება მასთან ისევე, როგორც ქართული ოცნების შემთხვევაში. მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა ხელისუფლებაში და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიისადმი.

"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ყველა თაობაში, ეკლესია ყოველთვის უჭერს არსებულ ხელისუფლებას მხარს. 

ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მასთან. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიისადმი". – ამბობს მეუფე ანტონი.

მეუფე ანტონმა ქართული ოცნების პარტიულ, წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრების შესახებ ასევე თქვა, რომ "არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ."

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. მათგან ერთ-ერთი ბოლო ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაციის მქონე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, რომელიც ბაგრატის ეზოში კუბიკზე იჯდა და ზაზა ლომინაძის წარდგენას ადევნებდა თვალს. თავად თქვა, რომ "ოცნების" ღონისძიებაზე დასწრება მისი "მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას."

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და "ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს".

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ეკლესიის მრავალი მღვდელმთავრის დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ISFED-ი აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები