ტურიზმი

ლიტვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

ლიტვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასული მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. ლიტვაში საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი, ლატვიაში კი 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ლატვიაში ეს რეგულაცია 19 სექტემბრიდან ამოქმედდა, ლიტვაში კი 21 სექტემბრიდან იმოქმედებს.

ლიტვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული მოქალაქე ასევე ვალდებული იქნება საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. 

საელჩოს განმარტებით, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ლიტვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

"ლიტვის მთავრობა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14-დღიანი პერიოდი, შესაძლებელია, შემცირებული იქნეს 10 დღემდე, თუ პირს, იზოლაციაში ყოფნის არაუადრეს მე-8 დღისა, ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე". – განმარტავს ლიტვაში საქართველოს საელჩო.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისზე კვირაში ერთ ფრენას შეასრულებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია საქართველოში ფრენებს 4 ოქტომრიდან განაახლებს.

ამჟამად საქართველოში ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

კომენტარები