არჩევნები 2020

მეუფე ანტონი: არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ

Primetime

"არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ." - ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ქართული ოცნების პარტიულ, წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირთა დასწრებას. 

"შეეგუეთ, რომ ჩვენ ყველა დროში, ჩვენი თავაზიანობის მიზნით, არსებულ ხელისუფლებასთან ნებისმიერ ღონისძებაზე, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, ყველა დროში ვიქნებით. ხაზს ვუსვამ, თუ ისინი არ ითაკილებენ ეკლესიასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას.  

ნუ სურთ ვიღაც მავან და მავანებს, რომ თავისებური ინტერპრეტაციებით ეს გამოიყენონ ისევ ეკლესიის წინააღმდეგ. არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ. ეს არის არსებული ხელისუფლება, რომელიც არის ღვთისგან და ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ჩათვლით ღვთისგან. 

სამწუხაროდ, არიან ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ მოსულან სათავეში და უკვე რა ამბავში არიან. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და იმასთან უფრო კარგი და ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, ვისთანაც ჩვენთან აქვს." - ამბობს მეუფე ანტონი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში. 

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. მათგან ერთ-ერთი ბოლო ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაციის მქონე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, რომელიც ბაგრატის ეზოში კუბიკზე იჯდა და ზაზა ლომინაძის წარდგენას ადევნებდა თვალს. თავად თქვა, რომ "ოცნების" ღონისძებაზე დასწრება მისი "მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას." 

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და "ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს".

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ეკლესიის მრავალი მღვდელმთავრის დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ISFED აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები