ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ ხალხის საზიანოდ

facebook/zurab tchiaberashvili

"როგორ ხდება ის, რომ, რაც ხალხს ჭირდება, იმაზე ფასები განუხრელად იზრდება, მაგრამ რა პროდუქტიც მათ მოჰყავთ, იმაზე ფასი არასოდეს იზრდება?" - ამ კითხვით მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელიც დღეს, 18 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ინტერპელაციის პრინციპის საფუძველზე მიიწვიეს.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და ფასების ზრდაზე ილაპარაკა.

"ვიდრე კორონაკრიზისი დაიწყებოდა, ფასების ზრდა იყო უმწვავესი პრობლემა საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის და ის კიდევ უფრო მეტად გამწვავდა ამ კრიზისის პირობებში. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ფასების ზრდა, ყოველდღე ადამიანები შედიან მაღაზიაში, შედიან აფთიაქში და ხედავენ გაზრდილ ფასებს, ნუ გაიშვერთ ხელს ეროვნული ბანკისკენ, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ დღეს ჩვენი მოქალაქეების საზიანოდ, ზუსტად იმიტომ, რომ არ ამცირებთ გადასახადებს, არ ტოვებთ ფულს ხალხში, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა წელი წამოღოს ამ უმძიმეს პირობებში.

ყველაზე კარგად ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას აჩვენებს ლარის კურსი, რომელიც დღითიდღე გვეცლება ხელიდან, ორჯერ გაუფასურდა ბოლო 8 წლის განმავლობაში სწორედ ამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ლარის კურსს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ფასებზე, ეს არის დიდი ტვირთი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები პრაქტიკულად ვერ ეწევიან". - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი თქმით, მოსახლეობისთვის უმუშევრობის შემდეგ მთავარი პრობლემა ფასების ზრდაა, თუმცა ფასები არ იზრდება იმ პროდუქტზე, რომელიც მოსახლეობას მოჰყავს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა უმუშევრობის შემდეგ არის ზუსტად ის, რომ მოქალაქეებს აშინებთ ფასები, რომელიც ყოველდღიურად ხვდებათ გაზრდილი. სრულიად გაუგებარია ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორ ხდება, რომ ის, რაც ხალხს სჭირდება, იმაზე ფასები განუხრელად იზრდება, მაგრამ რა პროდუქტიც მათ მოჰყავთ, იმაზე ფასი არასოდეს იზრდება? მაგალითად, კახეთში ზუსტად ახლაა რთველი და ყურძნის ფასი მათ აწუხებთ. უფრო მეტიც, თქვენი ხელისუფლების პირობებში, არამარტო ლარმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა, არამედ ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა, რაც სრულაიდ გაუგონარი ფაქტია". - მიმართა ჭიაბერაშვილმა ნათია თურნავას.

ბოლო კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს, დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარი, დაახლოებით, 2-2%-ით გაუფასურდა. ჯამურად, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები