არჩევნები 2020

საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა დააფიქსირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვენებს შუალედურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.

საიას დამკვირვებლებმა მონიტორინგის შედეგად, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან, დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა, ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.

"განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა. 

გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან (ლელო და პატრიოტთა ალიანსი). 

წინა არჩევნების მსგავსად, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს (ლელო, მოძრაობა ხალხისთვის) არ მიეცათ არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც ისედაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა". - წერია საიას ანგარიშში.

საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.             

კომენტარები