ევროპული საქართველო

წერეთელი: ევროპარლამენტში მკაფიოდ გამოითქვა ყველა ის წუხილი, რომელიც არჩევნების წინ აქვთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება.

გიგი წერეთლის თქმით, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს ყველა ის წუხილი, რაც არჩევნების წინ აქვთ მათ და ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გადაკვეთონ. წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან.

"ევროპარლამენტში ძალიან მკაფიოდ გამოითქვა ყველა ის წუხილი, რომელიც მომავალი არჩევნების წინ აქვთ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს. ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არასწორად, ძალადობა, ამომრჩევლების მოსყიდვა და არჩევნების გაყალბების მცდელობა. მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც დაიდო, უნდა შესრულდეს. მთლიანობაში, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან". – ამბობს გიგი წერეთელი.

"ბრმები არ ვართ. ვიცით, რა ხდება და ვხედავთ ფუნდამენტურ მოლოდინებთან დაკავშირებულ საფრთხეებს". – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს. ჰალიცკი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეასრულოს შეთანხმების ყველა პირობა და ჩაატაროს არჩევნები სამართლიანად.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, თუკი საქართველოში დემოკრატიისა ან კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იქნება, ამას ევროკავშირისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. 

კომენტარები