ევროპული საქართველო

რატიანი: დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალეს, უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

"ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა. 

თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ". – ამბობს რატიანი. 

სერგო რატიანის თქმით, სკოლის მიღმა დირექტორთა, დაახლოებით, ნახევარი დარჩა. მისივე სიტყვებით, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი.

"ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას". – ამბობს ის. 

რატიანი მიმართავს განათლების მინისტრს, რომ: 

  • დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება, რათა უმოკლეს ვადაში მიეცეთ შესაძლებლობა სკოლებს, აირჩიონ დირექტორები და სასწავლო პროცესი წარიმართოს ქმედუნარიან გარემოში. 

"მინდა, კიდევ ერთხელ, შევახსენო განათლების მინისტრს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ია კერზაია, რომლის სიცოცხლეც განათლების სამინისტროსა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად ნეიტრალური სკოლის დირექტორების წინააღმდეგ დაგეგმილმა სადამსჯელო ღონისძიებამ შეიწირა". – თქვა მან.

კომენტარები