არჩევნები 2020

კაპანაძე NDI-ის კვლევაზე: ჩანს, რომ ხალხს აწუხებს უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს კვლევა ვერ გამოდგება პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია. მისი აზრით, კვლევა ნიშანდობლივია იმით, რომ ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისათვის.

"NDI-ს ეს კვლევა, სამწუხაროდ, პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად არ გამოდგება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, თითქმის 70%-ზე ადის. თუმცა, ნიშანდობლივი კვლევა არის, რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ცვლილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე ეს არ არის კარგი ამბავი ხელისუფლებისათვის". – თქვა კაპანძემ.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისათვის ეს კვლევა არც ისე კარგია, რადგან ჩანს, რომ ადამიანებს ბევრი პრობლემა აწუხებთ და არ არიან კმაყოფილი ხელისუფლების დახმარებით.

"ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები და აქაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ბოლო პერიოდში, მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ დახმარება, რომელიც გაწეული იყო, არ იყო საკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებისათვის ეს კვლევა ნამდვილად ცუდი კვლევაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეთოდოლოგიური საკითხების გამო, პოლიტიკური რეიტინგების დასადგენად, ეს კვლევა ვერ გამოდგება". – ამბობს სერგი კაპანაძე.

ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა ვის მისცემდით ხმას"? – 36% პასუხობს "დიახ", 59% – "არა". 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. 

ასევე კითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 88% დადებითად პასუხობს, 12% კი უარყოფითად. 

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა, 64% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 9% არცერთ პარტიას ირჩევს. 

კომენტარები