აჭარის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ცნობით, დაფიქსირებული ხარვეზების გამო აჭარაში გაფრთხილება მიეცა 600 ბიზნესსუბიექტს, 15-მდე კი დაჯარიმდა. მისივე თქმით, ასევე გამოვლინდა სარიტუალო ღონისძიებების, ქორწილების, ქელეხების და იუბილეების შემთხვევებიც.
"შევამოწმეთ, როგორც კვების, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სავაჭრო მოლები და ქსელური მარკეტები. დაფიქსირდა ხარვეზები, სადაც საჯარიმო სანქციები გამოვიყენეთ, მათ შორის ქსელური მარკეტების მიმართ და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე სოციალური ღონისძიებაც, რის გამოც, შვიდჯერ მოხდა სანქციის გამოყენება. ვგულისხმობ, სარიტუალო ღონისძიებებს, ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს.
ასევე, განხორციელდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადამოწმება. ჯამში, 300-მდე სატრანსპორტო საშუალება შეჩერდა და გაიცა გაფრთხილებები, როგორც მოქალაქეების, ასევე მძღოლის მიმართ. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ჯამში, დაახლოებით 600 ბიზნესსუბიექტს მივეცით გაფრთხილება, 15-მდე კი დაჯარიმდა". – თქვა ბექა ფერაძემ, პირველი არხის ცნობით.
3 სექტემბერს ბათუმში ოთხ კლუბს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის საქმიანობის უფლება უკვე შეუჩერდა. სოჰო, სექტორი 26, კონტე და UP2U 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.





