ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ზაფხულში 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარაში, ყველას ტესტირება მოხდება

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულში, აჭარის ზღვის სანაპიროზე ნამყოფი მასწავლებლების ტესტირება მომდევნო დღეებში მოხდება, ასეთი კი 2 100 პედაგოგია. გამყრელიძის ცნობით, ყოველი მათგანი უკვე აღრიცხულია.

"შემუშავებულია ასევე სტრატეგია ე.წ 45 000 მასწავლებლის "რენდომული" გამოკვლევისა ლაბორატორიულად, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. რაც შეეხება ბათუმს, იქ სასწავლო პროცესი 1-ელ ნოემბრამდე არ აღდგება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებები, სადაც სწავლა დაწყებულია, 15 სექტემბრიდან ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდნენ, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები