ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 57 ახალი შემთხვევიდან 8-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 5 სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევების განაწილება ასეთია: ინფიცირებულთაგან 5 სამედიცინო პერსონალის წევრია, ასევე 5-ის ინფიცირების წყარო საკონდიტრო "დონაა", 14-ის კი ბათუმი, 18 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტქატით დაინფიცირდა, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში დადასტურდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 18-ის - მძიმე.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 57 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს COVID-19-ისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები