ევროპული საქართველო

იურიდიული დახმარება, დისკუსიები, ფილმები – ქუთაისში ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა. 

7 სექტემბერს შტაბის გახსნაზე ოთარ კახიძემ ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა და დაგეგმილი აქტივობები წარადგინა. დეპუტატის თქმით, ეს აქტივობები ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

ამასთან, შტაბის წარმომადგენლების ცნობით, ღია ოფისში მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, გაიმართება ლექციები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვა ღონისძიებები. კახიძის თქმით, ოფისი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქუთაისისთვის უკეთესი მომავალი სურს. 

"იქმნება ცალკე საკომუნიკაციო სივრცე ამომრჩევლებთან შესახვედრად. ჩვენ აქ გავმართავთ საინტერესო დისკუსიებს იმ საკითხებზე, რომელიც ქუთაისელებს აწუხებთ. ვისაუბრებთ პროგრამაზე, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს და რომელიც მოიცავს რაინეარის (Ryanair) შემოყვანას ქუთაისის აეროპორტში, პარლამენტის სრულად გადმოტანას ქუთაისში, აეროპორტში სატვირთო ტერმინალის დამატებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წელს, მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს. ამისთვის ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს". – ამბობს ოთარ კახიძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის შედეგად, არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას, 30-ისა კი მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 

კომენტარები