ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო და ვირუსით ინფიცირების კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება, თუმცა საქართველო ჯერჯერობით, კვლავ ე.წ მწვანე ზონაში რჩება.

"აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ესაა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება". – ამბობს ეზუგბაია, მისივე თქმით, ამ ეტაპზე აჭარის რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი არაა.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები