ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თუ კარანტინის შემცირება, ჯანმრთელობის არდაზიანებით, შესაძლებელია, უნდა გამოვიყენოთ

ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ ეპიდემიის გამკვლავების თვალსაზრისით სხვებთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ.

ამიტომ ეს დავალება მათ მიიღეს და შემდეგ სხდომაზე, მომავალ კვირას, მოვისმენთ, რა შედეგები აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. მიზანი არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვთანხმდებით, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს. ვერავინ, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, კოვინს ცალკე ვერავინ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40, თუ ჩვენ ვიცით წყარო, ვიცით როგორ ვუმკურნალოთ და ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

კომენტარები