არჩევნები 2020

ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

TV Pirveli

პარტია ლელოს წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელ გიორგი გლუნჩაძეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ლელოს მაჟორიტარი კანდიდატის ლევან სამუშიას თქმით, გიორგი გლუნჩაძე ქუჩაში ფეხით მიდიოდა, როცა რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, "რატომ უჭერ მხარს ლელოს, რატომ დაყვები სამუშიას". ამის შემდეგ, სამმა ადამიანმა გლუნჩაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები