ბათუმი

შრომის ინსპექცია: ბათუმში სოჰოს, სექტორი 26-ს, კონტესა და UP2U-ს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

Sector26/Facebook

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში ოთხ კლუბს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის საქმიანობის უფლება შეუჩერდა. სოჰო, სექტორი 26, კონტე და UP2U 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. 

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ობიექტები 2-3 სექტემბერს შეამოწმეს. მოთხოვნებს მხოლოდ ერთი კლუბი - ივერია ბიჩი აკმაყოფილებდა.  

"მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. 

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები." - წერია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლია, ერთი შემთხვევა ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში დადასტურდა. ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან, კიდევ ერთმა ადამიანმა კი ცხელების ცენტრს თავად მიმართა. 

იმ პირებს, რომლებსაც ეპიდემიის ახალ კერებთან ჰქონდათ შეხება, ექიმები მოუწოდებენ, რომ COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარონ. ბათუმში, ბულვარში განთავსებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შეუძლიათ. კარვები დგას კოლონადასთან, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ და ანბანის კოშკთან.    

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები