ნავალნის მოწამვლა

მერკელი ნავალნიზე: რუსეთის მთავრობამ ძალიან სერიოზულ კითხვებს უნდა უპასუხოს

ანგელა მერკელი
Axios

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა.

მერკელის თქმით, ეს საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ". მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიო პასუხებს დაელოდება.

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის წამყვანი ოპოზიციონერის მოკვლა მისი მოწამვლით სცადეს. ალექსეი ნავალნი გახდა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლი. კვლევების საშუალებით ცალსახად შესაძლებელია საწამლავის ამოცნობა". - თქვა მერკელმა.

დღეს, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით. 

მათივე ცნობით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიასაფრანგეთიაშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები