აშშ-ჩინეთი

პომპეო: ვიმედოვნებ, აშშ-ს კამპუსებში ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტები წლის ბოლომდე დაიხურება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, აშშ-ს უნივერსიტეტების კამპუსებში ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტები წლის ბოლომდე დაიხურება. 

13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

"ვფიქრობ, ყველა ხედავს მათთან დაკავშირებულ რისკს", - მაიკ პომპეო ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონფუცის ინსტიტუტებს ადანაშაულებს, რომ ისინი აშშ-ს კოლეჯებში "ჯაშუშების და კოლაბორაციონისტების" რეკრუტირებაზე მუშაობენ. 

"ვფიქრობ, ეს ინსტიტუტები ამას ხედავენ და მე ვიმედოვნებ, რომ ამ წლის ბოლომდე ჩვენ მათ დახურულს ვნახავთ". – თქვა მან. 

დღევანდელ ჩინეთზე საუბრისას პომპეომ თქვა, რომ ცივ ომთან ანალოგიას აქვს გარკვეული რელევანტურობა, თუმცა ისიც თქვა, რომ ჩინეთთან გამოწვევები განსხვავებულია - "ეს განსხვავებულია ცივი ომისგან, რადგან ჩვენ გვიწვევს 1.4 მილიარდიანი მოსახლეობის ქვეყანა... გამოწვევები სხვადასხვაა, ეკონომიკური გამოწვევებია".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კონფუცის ინსტიტუტის საგარეო მისიებად გამოცხადებაზე დაწერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტს ცნობს "იმად, რაც არის: ორგანიზაციად, რომელიც ავრცელებს პეკინის საერთაშორისო პროპაგანდას და უარყოფითი გავლენის კამპანიას აშშ-ს კამპუსებსა და K-12 კლასებში".

პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერაა დაფინანსებული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გლობალური გავლენის და პროპაგანდის აპარატია: "ამ ქმედების მიზანი მარტივია: უზრუნველყოს ამერიკელი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციების მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა - უნდა გაგრძელდეს თუ არა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და, თუკი კი,  როგორ [უნდა მოხდეს ეს]. "

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი წერს, რომ უნივერსიტეტები ქვეყანასა და მსოფლიოში ამოწმებენ კონფუცის ინსტიტუტის კურიკულუმს და პეკინის გავლენის მასშტაბებს მათ საგანმანათლებლო სისტემებში – "აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს აშშ-ს კამპუსებში აქვთ წვდომა ჩინურ ენასა და კულტურაზე, რომელიც თავისუფალია ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და მისი ცრუმაგიერი შემცვლელების მანიპულაციებისაგან".

აშშ-ს ამ ნაბიჯზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან კონფუცის ინსტიტუტზე ზეწოლა პროგრამის სტიგმატიზაციას იწვევს და ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

კომენტარები