არჩევნები 2020

"ხელფასები მინიმუმ 500 ლარით უნდა გაიზარდოს" – ვაშაძემ პოლიციის რეფორმის გეგმა წარადგინა

გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივით, პოლიციელებს, მინიმუმ, 500 ლარით უნდა გაეზარდოთ ხელფასი, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ იზრუნონ ხალხის უსაფრთხოებაზე. 

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პოლიციის რეფორმის გეგმის წარდგენაზე ისაუბრა. სტრატეგია აღმაშენებლის რეფორმა ამერიკული მოდელის დეპოლიტიზებული პოლიციის ჩამოყალიბებას, რაიონული საპატრულო პოლიციის უფროსების არჩევითობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საგამოძიებო ბიუროს შექმნას ითვალისწინებს. 

"დღეს ქვეყანაში მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობს, რაც სამწუხაროა! ეშინიათ გვიან ღამით ქუჩაში გასვლის, მომრავლდა ავტომობილებზე გაძარცვის მიზნით თავდასხმის ფაქტები, იმატა სახლების ძარცვამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი არ არის გამოძიებული და დამნაშავე დაჭერილი". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კრიმინალური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს კრიმინალის რაოდენობა 35 000-ს აღწევდა, დღეს კი ეს მონაცემები თითქმის გაორმაგებულია და 64 000-მდეა გაზრდილი. გიორგი ვაშაძე ამ მდგომარეობას საგანგაშოსა და კატასტროფულს უწოდებს და ამბობს, რომ პოლიცია უმოქმედოა. 

"დღეს პოლიცია გადასულია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, მათ რეალურად არ აქვთ თავისუფალი დრო იმისთვის, რომ კრიმინალი დაიჭირონ და პასუხი აგებინონ, მაგრამ თუ ისინი დააკავებენ დამნაშავეს, მათ ვიღაც ურეკავს, ეუბნება, ავალებს, რომ გაათავისუფლოს. რატომ? სამწუხაროდ, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება კრიმინალებთან თანამშრომლობს". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები