თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

POG: ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა

ინტერპრესნიუსი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებს დათვალიერების შედეგად ავტომანქანის ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანას არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქცია ჰქონდა, რაც ე.წ. პულტით იმართება, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

"გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე, ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. [...] რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და პროკურატურასთან აქცებს ანონსებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, სიცრუეა ის ვერსია, თითქოს გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში 5 დღის განმავლობაში იდგა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები