არჩევნები 2020

მდინარაძე პატრიოტთა ალიანსზე: არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ უკვირს მათი რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. მდინარაძის თქმით, მხოლოდ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე გამოძიება ვერ დაიწყება, მაგრამ თუკი რაიმე მტკიცებულება იარსებებს, შესაბამისი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

"არამხოლოდ პატრიოტთა ალიანსზე, არამედ ნებისმიერ პარტიას თუ ადამიანს, რომელსაც შეიძლება დაუდასტურდეს რაიმე ელემენტარული ფაქტი, მხოლოდ შეიძლება გამოქვეყნებული სტატია ამისათვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ ელემენტარული პატარა ფაქტიც კი შეიძლება მტკიცებულების სახით გაჩნდეს, რომელიც შეიძლება გარკვეული მოქმედებების საფუძველი გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, ბუნებრივია, ამას არავინ მოერიდება.

უბრალოდ, ხშირად ისმის სპეკულაციური შეკითხვები, გამოქვეყნდა სტატია, სტატია იბეჭდება დღეში ათიათასობით და ასიათასობით. ჟურნალისტის რაღაც განცხადებაზე და მის წარმოდგენებზე, რომ გამოძიება დაიწყოს, ამაში აქეთ დაგვდებენ ბრალს და შეიძლება, მართლებიც იყვნენ ის ადამიანები, რომელებიც ქვეყანასთან არ არიან მართლები. ამიტომაც, აქაც რომ რაიმე სპეკულაციების სივრცე არ დავტოვოთ, თუკი რამე მტკიცებულება იქნება, ეს ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკოსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამის ზომებს მიიღებენ და დაიწყებენ შესაბამის რეაგირებას შესაბამისი ორგანოები.

მაგრამ დღეს უბრალოდ ზოგადად შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადება – არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. არანაკლებ საშიშები არიან ერთმანეთზე ის ადამიანები, რომელებიც აშკარად რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ და ის ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვყავს ქვეყანაში ასეთი". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძემ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით ირონიული კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსია პარტია, თორემ რისი პატრიოტები არიან".

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან თეორიულ კოალიციასაც კი გამორიცხავს. ამ დრომდე პატრიოტთა ალიანსი მმართველი გუნდის მთავარ პოტენციურ კოალიციურ პარტნიორად განიხილებოდა. 

წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიე

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილიც გაავრცელა.

გამოძიების მეორე ნაწილში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარ კომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. ირკვევა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნა შეთანხმებული გზავნილები, რომლითაც "პატრიოტებს" აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებული "თავდასხმები" უნდა მოეგერიებინათ. 

კომენტარები