ქართული ოცნება

მდინარაძე ენმ-ს: ნუ დაუმალავთ თქვენს აქტივს შიდა კვლევას, სადაც 60%-მდე გვაქვს

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთერთ ორგანიზაციას კვლევა ჩაატარებინა, რომლის მიხედვითაც, მმართველ გუნდს, დაახლოებით, 60% აქვს, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას კი ჯამში, დაახლოებით, 40%.

ქართული ოცნების დეპუტატმა ენმ-ს ლიდერებს მოუწოდა, ამ კვლევის მონაცემები პარტიის აქტივს არ დაუმალონ. 

"პარტიულ აქტივს ნუ დაუმალავენ ჩვენი ან რომელიმე კვლევის მონაცემს კი არა, მათი ბოლო კვლევის მონაცემებს, რას ამბობს და რა რეიტინგი აქვს ნაცმოძრაობას". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამ კვლევის შედეგებს ისე მალავენ, რომ ცენტრალური შტაბის წარმომადგენლების ნაწილსაც კი არ აქვს ინფორმაცია. 

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, ყველასი ერთად, დაახლოებით 40% და ქართული ოცნების დაახლოებით 60%. ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაქვს დაახლოებითი მონაცემები და ყველა რეალური კვლევა ამას ადასტურებს". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

გაუგებარია, რომელ "რეალურ კვლევაზე" დაყრდნობით ამბობს მამუკა მდინარაძე, რომ ქართულ ოცნებას 60% აქვს, ვინაიდან IRI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 33% მისცემდა ხმას, Edison Research-ის კვლევის მიხედვით – 39%. ყველაზე მაღალი რეიტინგი (52%) მმართველ გუნდს რუსთავი 2-ის კვლევაში ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლების გამოკითხვიდანაა, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების (42.8%) მონაცემები კვლევაში საერთოდ არ აღურიცხავთ. 

კომენტარები