თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ლომჯარია: ბაჩალიაშვილის მშობლებს შევხვდები, ჩვენთვის საქმის მასალები ხელმისაწვდომი არაა

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის უახლოეს დღეებში აპირებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, შეხვედრის სურვილი თავად თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა გამოთქვეს.

სახალხო დამცველის ცნობით, მისთვის საქმის მასალების ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეფასებებს ვერ აკეთებს.

"მე ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მიმართ სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა მათთან. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრაზე ადვოკატიც იქნება, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი მანდატის ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე შევჯერდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება ჩავერთოთ ამ საქმის გამოძიების პროცესში". – ამბობს ომბუდსმენი.

ამ წუთებში სამხარეო პოლიციაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები